თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის “ქართული ოცნება - რესპუბლიკელები” წევრებისა და თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, გივი კუბლაშვილის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გივი კუბლაშვილმა ფრაქციის წევრებს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მოწყობაზე, რომელიც დედაქალაქის ისტორიულ უბანს და ცენტრალურ - ლეონიძის, ლორთქიფანიძის, მაჩაბლის, ასათიანის, ამაღლობელის, იაშვილის ქუჩებს და მიმდებარე ტერიტორიას სატრანსპორტო ნაკადებისგან განტვირთავს.
ყურადღება გაამახვილა ხიდების გამაგრების, გზაგამტარების, საყრდენი კედლებისა და კოლექტორების მოწყობის განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ დაგეგმილია აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე გზის კაპიტალური შეკეთება და კახეთის გზატკეცილის დაკავშირება თბილისის ზღვასთან, რაც კახეთის გზატკეცილიდან თბილისის ზღვამდე თავისუფალ მოძრაობას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე ფრაქციის წევრები დედაქალაქში ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ვადების გაჭიანურების მიზეზებით დაინტერესდნენ. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თქმით, ამ მიმართულებით არსებული ხარვეზები აღმოფხვრილია და დედაქალაქის მთავრობის მიერ დაგეგმილი ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დროში გაწერილი გრაფიკის მიხედვით განხორციელდება.
დასასრულს, შეხვედრის მონაწილენი ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და სამომავლო გეგმები დასახეს.